სახალხო დამცველი ამომრჩევლებს მოუწოდებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ვერ მოხვდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიაში.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
დადგენილი პროცედურების გავლის მიუხედავად, თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, ან თვლით, რომ სხვა ფორმით ირღვევა თქვენი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომართოთ სახალხო დამცველს. აპარატი თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის და განახორციელებს კანონით განსაზღვრულ რეაგირების ღონისძიებებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.