საკანონმდებლო მაცნე იწყებს აქციას - გაუგზავნე პატიმარს წიგნი და სანაცვლოდ მიიღე მაცნეში დაბეჭდილი კოდექსები
სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აცხადებს „ცოდნის დონორობის“ ერთკვირიან აქციას, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ, საკანონმდებლო მაცნეს ოფისში (თბილისი, გ. ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტი) ქუჩა №2) მიიტანონ მხატვრული ლიტერატურა და საფასურის გადახდის გარეშე, სანაცვლოდ მიიღონ მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი კოდექსების უახლესი რედაქციები. წარდგენილი ერთი წიგნი ჩანაცვლდება მოქალაქისათვის სასურველი ერთი კოდექსით, ხოლო მიღებული წიგნები კი გადაეცემა პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოწოდებული ლიტერატურა უნდა იყოს გამოცემული არაუგვიანეს 2010 წლისა და წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს A5 ფორმატს. წიგნების შინაარსი არ უნდა შეიცავდეს: მშენებლობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს, მასალებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს ან შეიცავდეს ნებისმიერ სხვა შინაარსს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მსჯავრდებულის/ბრალდებულის უსაფრთხოებას.
აქცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე.
მოქალაქეებს შეუძლიათ წიგნები მოგვაწოდონ სამუშაო საათებში (09:00 – 18:00) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტი) ქუჩა №2;
მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი კოდექსების სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://matsnebooks.gov.ge/Book“, – აცხადებენ საკანონმდებლო მაცნეში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკანონმდებლო მაცნეს ცხელ ხაზზე: 2 40 50 50.