საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველებისთვის სერტიფიცირება იწყება
საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველებისთვის სერტიფიცირება იწყება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სერტიფიცირების პროცესს იწყებს, – ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სერტიფიცირების შედეგად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალ კვალიფიცირებული კადრების მოზიდვა იგეგმება.

სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან – ტესტირება და გასაუბრება. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა, ინფორმაციის ანალიზი და სხვა.

ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

ტესტირების განრიგი, ასევე დავალებათა ტიპები და რაოდენობა, მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა ტესტირების ჩატარებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ განთავსდება.

დატოვე კომენტარი