გივი მიქანაძე - ერთი მოსწავლის შემთხვევაშიც კი, სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება XII კლასში სწავლება, ამ არჩევანში მოსწავლე და მშობელი არის თავისუფალი
გივი მიქანაძე - ერთი მოსწავლის შემთხვევაშიც კი, სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება XII კლასში სწავლება, ამ არჩევანში მოსწავლე და მშობელი არის თავისუფალი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა XI კლასში „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვის შესახებ ისაუბრა. მიქანაძის განცხადებით, აღნიშნული მოდელი ეფუძნება მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს.

„კერძოდ, საბაზო ცოდნა მოსწავლემ სრულად უნდა მიიღოს საბაზო საფეხურზე, ხოლო X-XI კლასებში უკვე მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფილურ და მისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე. სკოლის საშუალო საფეხური და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ერთმანეთთან ისეთ ბმაში უნდა იყოს, რომ მშობელს არ დასჭირდეს დამატებითი რესურსის ხარჯვა მოსწავლის მომზადებაში. უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდები სრულ თანხვედრაში იქნება იმ პროგრამასთან, რაც სკოლის მე-11 კლასში იქნება შეთავაზებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ზოგადი და პროფესიული განათლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. მიქანაძის თქმით, სწორედ ამიტომ, წელს პირველად, აბიტურიენტებს გამოცდებზე რეგისტრაციის დროს მიეცათ შესაძლებლობა, უნივერსიტეტებთან ერთად, პარალელურად აერჩიათ პროფესიული კოლეჯებიც.

„გამოცდების დასრულების შემდეგ კი მათ ექნებათ შესაძლებლობა, უკვე მიღებული შედეგებისა და ინტერესების საფუძველზე მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება, სად გააგრძელებენ სწავლას“, – განაცხადა მიქანაძემ.

რაც შეეხება XII კლასს, გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ეს რჩება მოსწავლეებისთვის არჩევით კომპონენტად. მისივე თქმით, ერთი მოსწავლის შემთხვევაშიც კი სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება XII კლასში სწავლება.

„არაერთხელ გაჟღერდა XII კლასზე, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს და ერთი მოსწავლის შემთხვევაშიც კი სკოლაში უზრუნველყოფილი იქნება XII კლასში სწავლება. ყველა რესურსს დავხარჯავთ, რათა თუნდაც ერთი მსურველის განათლების ხელმისაწვდომობის უფლება იყოს უზრუნველყოფილი. ამ არჩევანში მოსწავლე და მშობელი არის თავისუფალი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.