მიმდინარე წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიურო 289 ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებს.
შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ დღეს გამოაქვეყნა.
შესამოწმებელ თანამდებობის პირთა სიაში პარლამენტის წევრები, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების, სსიპ-ების წარმომადგენლები და მოსამართლეები არიან.
ელექტრონული სისტემის მიერ შერჩეულთა შორის მოხვდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები – ემზარ კვიციანი, გიორგი კოპაძე, სვეტლანა კუდბა, სერგო რატიანი, ლელა ქებურია და ივლიანე წულაია; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – მარიკა დარჩია და გიორგი ახვლედიანი; გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე; ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე; კონკურენციის სააგენტოს უფროსი ნოდარ ხადური; სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე შოთა ღვინერია; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ვაჟა ჯანყარაშვილი; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ დირექტორი ლევან კანკავა; აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ავთანდილ ბერიძე; ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვები.
2017 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ჯამში მონიტორინგი ჩაუტარდა 287 დეკლარაციას.
მონიტორინგის შედეგად, 224 დეკლარაცია შეფასდა უარყოფითად, ხოლო 56 დეკლარაცია შეფასდა დადებითად.
1000 ლარით დაჯარიმდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ათი მოქმედი და ორი ყოფილი პარლამენტარი და სხვა საჯარო მოხელეები.