საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად, მოქალაქეებმა 32 მილიონამდე ლარი დაზოგეს
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 2018 წლის პირველ დეკემბრამდე, მოქალაქეებმა სერვისების უფასოდ მიღების გზით, 32 მილიონამდე ლარი დაზოგეს.
მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის პირველ ივლისამდე გრძელდება.
რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას თავად ახორციელებს.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, რეფორმის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.
რეფორმის დაწყების შემდეგ. გამარტივებული პროცედურებით უკვე 600 ათასამდე განცხადება დარეგისტრირდა.