საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა
საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა. რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად პარტიის დოკუმენტაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა სახელდება.

„კონსერვატიული მოძრაობა-ალტ ინფოს“ რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, „კონსერვატიული მოძრაობის“ რეგისტრაციის მოთხოვნით, განცხადება 2021 წლის 22 ნოემბერს წარედგინა, თუმცა წარდგენილი დოკუმენტაცია, მათ შორის პარტიის წესდება, იყო არასრულყოფილი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა კორექტირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, წესდების ახალი რედაქცია, თუმცა, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მიხედვით, ამ დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ წესდების ახალი რედაქცია პარტიის ყრილობის მიერ იყო მიღებული.

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების თანახმად, მოქმედი კანონმდებლობით, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, 2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა“.