საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტების 369.9 მლნ ლარით შემცირება იგეგმება
საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტების 369.9 მლნ ლარით შემცირება იგეგმება.
აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებულია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებით. შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტს დღეს წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტების რაოდენობა – 931.1 მლნ ლარით განისაზღვრება.
„2018 წლის ბოლოს დაწყებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტების შესრულება თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ნაწილობრივ გადავიდა მომდევნო წელს, რაც ამ პროექტებზე მიბმული ასიგნებების და ამ სახით მისაღები შემოსულობების შემცირებას იწვევს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში. ამავდროულად, საინვესტიციო პროექტების მაჩვენებელი კვლავ შენარჩუნებულია წარმოდგენილ პროექტში და ხდება იმ პროექტების აქსელერაცია, რომლებიც საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება“, – განმარტავს მთავრობა.
მთავრობის ცნობით, საბიუჯეტო კრედიტები არ იცვლება და კვლავ 385 მლნ ლარით განისაზღვრება.