საია-ს ადვოკატი - ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ლექსო ლაშქარავას სხეულზე დაზიანებები საკმარისი, რათა გამოეწვია სიკვდილი
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ლექსო ლაშქარავას სხეულზე დაზიანებები საკმარისი სიკვდილის გამოწვევისთვის, – ამის შესახებ საია-ს ადვოკატმა ბექა თაკალანძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომელიც ლექსო ლაშქარავას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ესწრებოდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში, ალექსანდრეს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. დანიშნული იყო შესაბამისი დადგენილებით ექსპერტიზები, რასთან დაკავშირებითაც მეც უშუალოდ ვესწრებოდი ცხედრის გაკვეთის პროცესს და ექსპერტიზას. ამ დადგენილების ფარგლებში დასმული შეკითხვები შეეხებოდა როგორც სხვადასხვა სახის ნიმუშების აღებას, ასევე უშუალოდ იყო დადგენილებაში მითითებული, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი და უშუალოდ ეს გარდაცვალების მიზეზი არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში იმ ქმედებებთან, რომელიც უშუალოდ მიადგა აქციის დროს. ასევე, დადგენილებაშივე იყო მითითებული სხვა რაიმე, მათ შორის ნარკოტიკული საშუალების, ან სხვა სახის ნივთიერება ხომ არ იყო. ამ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება და იქ დადასტურდება, რაიმე სახის ნივთიერება იყო თუ არა მის სხეულში, უშუალოდ ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ. ეს იყო სამედიცინო ცნობაში მითითებული, მკურნალობის ფარგლებში, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მის სხეულში ნივთიერებების არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნით უნდა დადგინდეს.
დაზიანებებს რაც შეეხება, რადგან ეს ექსპერტის კომპეტენციაა, სიღრმეში ვერ შევალ, თუმცა, სამედიცინო ცნობებშიცაა მითითებული, რა დაზიანებები აღენიშნებოდა მას და ამ დაზიანებების აღწერაც მოხდა უშუალოდ აღნიშნული ექსპერტიზის გამოკვლევის პროცესში. საბოლოოდ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ეს დაზიანებები საკმარისი სიკვდილის გამოწვევისთვის“,- განაცხადა საია-ს ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, ლაშქარავა 5 ივლისს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზარალებული იყო, თუმცა მისი გამოკითხვა გამოძიების ფარგლებში არ მომხდარა.
„როგორც მოგეხსენებათ, ის უნდა გამოკითხულიყო იმ გამოძიების ფარგლებში, როდესაც მოხდა აქცია და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზარალებული იყო, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გამოკითხვა ვერ მოხდა და ეს უმძიმესი ფაქტი დადგა, როს შემდეგაც ჩვენ ჩავერთეთ მის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებითაც დამატებით მნიშვნელოვანი დეტალები რომ გაირკვეს.
დღეს, სამხარაულის ექსპერტებთან ერთად ჩართული იყო დამოუკიდებელი ექსპერტიც. მე ამ პროცესს როგორც ოჯახის ადვოკატი ვესწრებოდი, თუმცა მთლიანად ის, რაც მტკიცებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რაც უნდა აეღოთ, ყველაფერი აღებულია, თუმცა სიღრმეებში ეს უნდა დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით“,- განაცხადა ბექა თაკალანძემ.