საია - ქართული არასამთავრობოები რუსულ კანონს არ დავემორჩილებით
საია - ქართული არასამთავრობოები რუსულ კანონს არ დავემორჩილებით

რუსულ კანონს არ დავემორჩილებით. 55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი, მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრებას, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დაემორჩილება.

„რუსული კანონი ჩვენ ქვეყანაში არ იმუშავებს. ის დარჩება ფარატინა ქაღალდად, რომელსაც არავინ დავემორჩილებით. ხელისუფლებამ გაცნობიერებულად შეუქმნა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. ეს გააკეთეს განზრახ, იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ერთმანეთის დახმარება აღარ შეგვძლებოდა. მაგრამ ჩვენ 55 დღეა ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის სიყვარულში ხალხი არ იღლება. ჩვენი პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება ამ კანონის გაუქმებამდე! მათ სცადეს ჩვენი დაშინება სპეცრაზმით, ცემითა და გინებით, დაკავებებით და უკანონო ჯარიმებით, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ არაფერს შეუძლია ჩვენი შეჩერება იმ მართალ საქმეში, რასაც ხალხის დახმარება ჰქვია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს – ჩვენ დავეხმარებით ხალხს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს. ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. ჩვენ შევაგროვებთ ფულს, რომ ერთმანეთს გადავუხადოთ ჯარიმები, რაც საქართველოს სიყვარულისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის დაგვაკისრეს. ჩვენს ბრძოლას ხედავს და მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული მსოფლიო. რუსული კანონის მიღებით საფრთხე ექმნება არჩევნებზე დაკვირვებას, მაგრამ ჩვენ, ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები გპირდებით, რომ დავიცავთ არჩევნებს და თითოეული მოქალაქის ხმას. ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით ყველა საარჩევნო უბანში და დავაკვირდებით, რომ დავიცვათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს საქართველოა. ჩვენ არ გავრუსდებით. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ და არაერთხელ აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს თავისუფლებისთვის ბრძოლით. ჩვენ ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას – არა რუსულ კანონს! კი ევროპას! ქართული არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ასევე განთავსებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებგვერდზე.