საია მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს
საია მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქალაქო სასამართლოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე მეგობრის სტატუსით მიმართავს.

საი-ს წარმომადგენელის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საქართველოს მხარემ ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება არ უნდა მოახდინოს, რადგან თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებებში, თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაა განხილული, ასევე ის საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის რელევანტური სასამართლო პრაქტიკა, რომელიც ექსტრადიციის საქმეებზე გამოიყენება.

„ჩვენ სასამართლოს ვთხოვთ, რომ იმ სტანდარტებით განიხილონ ეს საქმე, რა სტანდარტებით დაცვასაც მოითხოვს ამ ტიპის საქმეების განხილვა. საია-ს მიაჩნია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება საქართველომ არ უნდა მოახდინოს და ამისთვის არსებობს რამდენიმე საფუძველი.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში ექსტადირების შემთხვევაში შესაძლოა, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყოს. როდესაც ვიცით, რომ თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ზოგადად მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ხშირია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, მითუმეტეს ისეთ ფაქტებზე, რომელსაც თურქეთი ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირებს. ამიტომ, ეს რისკი ჩაბუქის გადაცემის შემთხვევაში ძალიან მაღალია”,- განუცხადა საია-ს ადვოკატმა ჟურნალისტებს.

ქურდოვანიძეს მიაჩნია, რომ ის დიპლომატიური გარანტიები, რომელსაც თურქული მხარე წარმოადგენს, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად, რომ თითქოს ეს საფრთხე აღმოფხვრილი იქნება.

„ზოგადად, როცა მდგომარეობა თურქეთში ამ თვალსაზრისით მძიმეა, ვერ ვენდობით მხარეს, რომ ჩაბუქის შემთხვევაში ასე არ მოხდება.

ის ვარაუდი საკმაოდ მაღალია, რომ დევნას, რომელსაც თურქული მხარე ახორციელებს სამართლებრივთან შედარებით, უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ამიტომ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ექსტარადიცია არ უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.