ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპულ სასამართლოში განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხული საჩივრების აღდგენის მოთხოვნით საქართველოდან საჩივარი გააგზავნა. სულ ოთხი საქმეა – თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და “მაესტრო” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.
აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით საია-მ საჩივრით ევროპულ სასამართლოს ჯერ კიდევ 2010 და 2014 წლებში მიმართა. აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით 2015 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოს ცალმხრივი დეკლარაციები წარუდგინა, სადაც სახელმწიფომ მომჩივნების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა, მათ შორის ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობა აღიარა და ეფექტური გამოძიების ვალდებულება აიღო თავის თავზე.
ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის პირობების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ საია-ს მიერ წარდგენილი საჩივრები აღარ საჭიროებდა შემდგომ განხილვას და ამიტომ ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო არ შეასრულებდა ცალმხრივი დეკლარაციით აღებულ ვალდებულებებს, მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა ევროსასამართლოსთვის განსახილველ საქმეთა ნუსხაში აღდგენის მოთხოვნით მიემართა.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ აღნიშნა, ოთხივე საქმეზე მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება. მისი თქმით, მომჩივანთა უმეტეს ნაწილს დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული.
“ საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ასაბუთებს, რომ სახელწიფომ არ შეასრულა დეკლარაციით აღებული ვალდებულება ეწარმოებინა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან მომჩივანთა მიმართ განხორციელებული დარღვევების სრულყოფილი გამოძიება და შესაბამისად, საჩივრების აღდგენას და მათ არსებით განხილვას ვითხოვთ”,-განაცხადა სალაძემ.
საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საქმეები დამატებით ადასტურებს საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებით აღჭურვილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებას.