საია-მ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში მოამზადა
საია-მ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში მოამზადა

საია-მ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედური ანგარიში მოამზადა. წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მესამე შუალედური ანგარიში ფარავს პირველი ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ შემთხვევებს, რაც ცუდი პრაქტიკაა.

„საერთო ჯამში, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს: სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის ერთი შემთხვევა; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთი შემთხვევა; ამომრჩევლის მოსყიდვის ორი შემთხვევა; ზეწოლისა და ძალადობრივი ქმედებების, როგორც სავარაუდო ისე დადასტურებული, რვა შემთხვევა; წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ორი შემთხვევა. წინა თვეების მსგავსად, გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება. ამას გარდა, საანგარიშო პერიოდში უმრავლესობის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაც დაფიქსირდა.

წინასაარჩევნო კამპანიამ ოქტომბერშიც ძალადობრივი დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა. ცხელი წერტილი, ამჯერად, შიდა და ქვემო ქართლი იყო. ეს შემთხვევები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და აუცილებელია ამ საქმეების ყოველმხრივი, დროული, მიუკერძოებელი გამოძიება. საანგარიშო პერიოდში, საია-ს სადამკვირვებლო მისიისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის ორი ფაქტი გახდა ცნობილი („ქართული ოცნება“ და „თავისუფალი საქართველო“).

წინა საანგარიშო პერიოდს მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა სახელმწიფოს მხრიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის ფაქტები („სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“). საია შესაბამისი ორგანოების ქმედებას კანონის არასწორ ინტერპრეტაციად აფასებს.

საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და უზრუნველყოფს მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საია-ს ინფორმაციით, ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას.