საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს.
დავის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ის ნორმები, რაც მოსამართლეობის კანდიდატს არაობიექტურობისა და მიკერძოების გამო, აძლევს უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების უფლებას.
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიკერძოებულად იქნა მიჩნეული ანა დოლიძის განცხადება, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრი აცხადებდა, რომ მოსამართლეებად არ უნდა ყოფილიყვნენ დანიშნული სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში გამოცდილების მქონე ის მოსამართლეები, რომელთა ხელითაც წინა ხელისუფლება ახორციელებდა რეპრესიებს. ამ განცხადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ააცილა ანა დოლიძე 14 მოსამართლის დანიშვნის პროცესს.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია სახელმწიფო მოსამსახურის უფლება, შეუფერხებლად განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებები. ეს მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქეს არა მხოლოდ საჯარო სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან, არამედ მაშინაც, როცა სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს თავისი უფლებამოსილების დროებით განხორციელების შესაძლებლობა. აცილებით იუსტიციის საბჭოს წევრი მოკლებულია შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში - მოსამართლეების დანიშვნის პროცესში.
საია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლება არ უნდა იზღუდებოდეს. მით უმეტეს, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადება მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებას ეხება. საბჭოს წევრი კანონმდებლობით ვალდებულია, უარყოფითად შეაფასოს ის კანიდიდატი, რომელიც გარე ზეწოლას ვერ უძლებდა, ასეთი კანდიდატი მიჩნეულია არაკეთილსინდისიერად. იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება არ უნდა ხდებოდეს მაშინ, როცა ამ განცხადებაში უარყოფითად არ არის მოხსენიებული კონკრეტული მოსამართლე, არამედ ზოგადად საუბარია არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების ჯგუფზე და მოსამართლეთა შეფასების ზოგად კრიტერიუმებზე“, – აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
საია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ნორმის მოქმედების შეჩერებას ითხოვს.