საია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
საია-ს ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წელს ცენტრიდან ორი თანამშრომლის, თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის გათავისუფლება უკანონოდ მოხდა და დაკმაყოფილდა მოთხოვნა აღნიშნული პირების თანამდებობებზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზაურების შესახებ, რომელიც ორივე მათგანის შემთხვევაში, ჯამში დაახლოებით 150 ათას ლარს შეადგენს.
საია-ში აცხადებენ, რომ აღსრულებაზე ცენტრი უარს ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობს, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც ამ ეტაპზე არ ხდება, მეორე შემთხვევაში კი მიუთითებს, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღსადგენი პოზიცია აღარ არსებობს. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ ცენტრს სასამართლოში მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად, სასამართლომ ახობაძისა და სუბელიანის თანამდებობებზე აღდგენაზე იმსჯელა.
„დასტურდება, რომ გადაწყვეტილებები გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული იყო სუბიექტური გარემოებით და არ ეფუძნებოდა რეორგანიზაციას. საქმემ აჩვენა, რომ არათუ რეორგანიზაციაზე იყო საუბარი, პირიქით, იქ გაიზარდა გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით დასაქმებულთა რაოდენობა და ანაზღაურების ნაწილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, იუსტიციის სამინისტრომ და სამინისტროს სსიპმა უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
რაც შეეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, თამაზ ახობაძესა და ანა სუბელიანს, ისინი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.
მათ მიაჩნიათ, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება იმ ფაქტორმა განაპირობა, რომ ისინი იუსტიციის სამინისტროში ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს იყვნენ დასაქმებულები, თუმცა თავად რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი სიმპათიას გამორიცხავენ. ანა სუბელიანმა მედიასთან ვრცლად განმარტა, რატომ მის გათავისუფლებას პოლიტიკურ დისკრიმინაციას უკავშირებს.
„იუსტიციის მინისტრის მოთხოვნით, მე მაგალითად მედიაციის ცენტრში უნდა დამესაქმებინა ოცნების ოთხი აქტივისტი არარსებულ პოზიციებზე და უნდა შემექმნა ასეთი პოზიციები, რაზეც უარი განვაცხადე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საფუძველი ამ უთანხმოების. ბოლო ფაქტი იყო ის, რომ ცენტრის ამჟამინდელი დირექტორი გათავისუფლდა სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ ჩვენი აზრით და ჩვენ ეს გავაპროტესტეთ სოციალურ ქსელში და ჩვენი სიტყვის და გამოხტვის თავისუფლება გახდა იმ გადაწყვეტილების საფუძველი, რაც შემდეგ უკვე სამინისტრომ და ცენტრმა მიიღეს. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ჩვენი და ჩვენი თანამშრომლების დაბარება იუსტიციის მინისტრის კაბინეტში, ჩვენ არ ვიმყოფებოდით ქალაქში, მივლინებაში ვიყავით, მაგრამ ჩვენი თანამშრომლების თვალწინ ჩვენ მინისტრი მოგვიხსენიებდა როგორც ნაციონალების ძლოკვებს, წინა მთავრობის გადმონაშთებს. აქედან თვენახევრის განმავლობაში ჩვენ მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, იყო გარიგების მცდელობები, იყო მუქარა, რომ თუ ჩვენი ნებით არ დვწერდით განცხადებას, ამ შემთხვევაში ცენტრი დაწერდა ისეთ დასკვნას და ისეთი დასკვნით გაგვათვისუფლებდა რომ ჩვენ გაგვიჭირდებოდა დასაქმება. ამ ზეწოლის შემდე უკვე ცენტრმა მოიფიქრა ასეთი მექანიზმი, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე თითქოს ოპტიმიზაციის მიზნით გაგვათვისუფლა“, განაცხადა ანა სუბელიანმა.
თუ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, საია-ს შეფასებით, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა. საქმე სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა.