საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მაისში 14 ტენდერი გამოცხადდება
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მაისში 14 ტენდერი გამოცხადდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მიმდინარე თვეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 14 ტენდერის გამოცხადებას გეგმავს, ჯამური ღირებულებით დაახლოებით 80 მლნ ლარი.

მაისში გამოსაცხადებელი სატენდერო ობიექტების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

„დღეს დაპირებისამებრ, ვხვდებით კონტრაქტორებს, ძირითადად, მეგზევეებს და წარვუდგენთ მაისის განმავლობაში გამოსაცხადებელ ტენდერებს. საუბარია 14 ტენდერზე, ჯამური ღირებულებით 80 მლნ ლარამდე. ეს არის საგზაო პროექტები, ორი საპროექტო ტენდერია და დანარჩენი არის საგზაო ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა მონაკვეთები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ეს არ არის დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც ჩვენ საერთაშორისო დონორები გვეხმარებიან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, დღეს საუბარი შეეხება მაისის ორი კვირის განმავლობაში გამოსაცხადებელ ტენდერებს, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს წინასწარ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა, იცოდნენ, რა ტენდერების გამოცხადება იგეგმება.

„მეორე მხრივ კი, ეს გამჭვირვალობა გვაძლევს  საშუალებას, რომ ყველა ტენდერისთვის თანაბარი წვდომა იყოს ინფორმაციაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ცქიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე წარდგენილი იქნება აღნიშნული ტენდერების სტანდარტული პირობები, რომელიც ტენდერების მოცულობებით, თანხებიდან გამომდინარე  განსხვავდება.

„ეს გამორიცხავს შესაძლო სუბიექტურ დამოკიდებულებას და რომელიმე ჩინოვნიკის მიერ ტენდერის შესაძლო მორგებას. ამიტომ პირობები ყველასთვის სტანდარტული და თანაბარი იქნება, ყველა მსურველს ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ტენდერებში თუ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.