საგარეო უწყება - უკრაინის პარლამენტში პერფორმანსისას გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს, სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აღნიშნული თემით კვლავ გრძელდება სპეკულაცია
საგარეო უწყება - უკრაინის პარლამენტში პერფორმანსისას გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს, სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აღნიშნული თემით კვლავ გრძელდება სპეკულაცია

უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გაიხსნის ცერემონიას, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის გამო, ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დესპანი ლევამ წურწუმია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარი ნარჩემაშვილი აცხადებს.

როგორც მარი ნარჩემაშვილმა აღნიშნა, დესპანმა გამოიყენა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის შესაძლებლობა და უკრაინულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

„რაც შეეხება უკრაინის პარლამენტში გამართულ პერფორმანსს, რა დროსაც გამოფენილი იქნა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები, საკანონმდებლო ორგანოში გახსნით სესიაზე, გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – აღნიშნა მარი ნარჩემაშვილმა.