საგარეო უწყება საზღვრის კვეთაზე დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო უწყება საზღვრის კვეთაზე დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მათივე ცნობით, ეს ქვეყნებია ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის სახელმწიფოები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და დამატებით ის ოთხი ქვეყანა, სადაც მაღალია და სწრაფად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები – ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა.

„საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს:

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის არსებობის პირობებში, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში და ასევე, იმ ქვეყნებში, სადაც იზრდება დაინფიცირების შემთხვევები.

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იტალიის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკაში და საფრანგეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, იტალია, ირანი და ის ქვეყნები, სადაც მზარდია დაინფიცირების დინამიკა – საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია) გავლით:

ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან, გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ან

წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში შემოსვლის წესები კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის მკაცრდება. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.