საგარეო უწყება - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრად შეაფასებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს
საგარეო უწყება - საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრად შეაფასებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს

რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ  უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველო მტკიცედ უჭერს  მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„საქართველო შეშფოთებით ადევნებს თვალს ბოლო პერიოდში უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც უაღრესად სერიოზული გამოწვევაა  ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მორიგ  უხეშ დარღვევას, რაც ფაქტობრივად  იმეორებს 2008 წელს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, სამხედრო ინტერვენციის, შემდგომ კი ამ რეგიონისა და აფხაზეთის/საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების და მათი ოკუპაციის სცენარს. საქართველო მტკიცედ უჭერს  მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იმედი გვაქვს, რომ  საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ შეფასებას და რეაგირებას მისცემს  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევის მორიგ ფაქტს და აღმოსავლეთ ევროპაში სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის ყოვლად მიუღებელ მცდელობას“, – ნათქვამია საგარეო უწყევის განცხადებაში.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.