საგარეო უწყება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 7 ნოემბრის #52 დადგენილებით, არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადაა – 2018 წლის 11 ნოემბერი (მუხლი 1. მე-3 ნაწილი).
„შესაბამისად, მიმდინარე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან ელექტრონულად (ონლაინ რეჟიმში) დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდის (https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit) მეშვეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საარჩევნო მიზნებისათვის ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე განცხადებების მიღება დასრულდება 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.