საგარეო უწყება - ორპარტიული კანონპროექტი საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია
26 ივნისს, აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) წარადგინეს.
„უფრო კონკრეტულად, საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას; მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.
კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
კანონპროექტით აშშ კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.
„კერძოდ, საკანონმდებლო აქტით კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში, საქართველოსთან დაკავშირებით ამ მიმართულებით მომავალი ხუთი წლის სტრატეგია წარადგინოს. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
მომდევნო ეტაპზე საკანონმდებლო აქტის პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. მიმდინარე მოწვევის აშშ-ის სენატის მიერ მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო აქტის დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონად იქცევა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.