გია ვოლსკი - ამერიკის კონგრესის ორპარტიული დოკუმენტი არის ინტენსიური მუშაობის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა
გია ვოლსკი - ამერიკის კონგრესის ორპარტიული დოკუმენტი არის ინტენსიური მუშაობის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ამერიკის კონგრესის მიერ მომზადებული ორპარტიული დოკუმენტი საქართველოს მიმართ მძლავრი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ამერიკის კონგრესის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული იმ ქვეყნების მიმართ, ვინც დაუშვებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებს.

„არის სამხედრო და ფინანსურის დახმარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე, განხილვაა იმ საკითხის, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაწესება ჰქვია. ამერიკის მხრიდან ეს არის მძლავრი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, როგორც ჩვენი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი დოკუმენტის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ინტენსიური მუშაობის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა.

„შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული წვლილი მისმა დამოკიდებულებამ შეიტანა, მაგრამ ეს საკითხი ვიზიტებით რომ არ წყდება, აბაშიშვილმა იცის. ეს არის ინტენსიური მუშაობის შედეგი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა. თუ ამაში გარკვეული წვლილის შეტანა დამოკიდებულია ასევე პრეზიდენტის ვიზიტზე, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ამაზე სარკასტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

26 ივნისს, აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის აქტს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან მარტში, აშშ-ში ვიზიტისას წამოაყენა.