საგარეო უწყება - ოკუპირებულ აფხაზეთში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს
საგარეო უწყება - ოკუპირებულ აფხაზეთში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, კერძოდ, სოხუმის აეროპორტში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყება რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას სოხუმის აეროპორტის შესაძლო ამოქმედებასთან და საერთაშორისო ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 26 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ცალსახად არის გადმოცემული, რატომ ვერ განხორციელდება სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების ნებართვის გარეშე. განცხადების თანახმად, სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ.