საგარეო უწყება - მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ კონფერენციის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას
მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ კონფერენციის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით.
„როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას“, – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისა და მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის, ბენედიქტ ფრანკეს შეხვედრა მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.