საგარეო უწყება - მიგრაციის გლობალურ ფორუმზე დიასპორის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას და ახალგაზრდა დიასპორელების მხარდამჭერ პროგრამებს მაღალი შეფასება მისცეს
მიგრაციის გლობალურ ფორუმზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა დიასპორის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას და ახალგაზრდა დიასპორელების მხარდამჭერ პროგრამებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის რიგით მეთოთხმეტე სამიტში, „მიგრაციაზე ზეგავლენის მქონე ეკოლოგიური გამოწვევებიდან კულტურულ ასპექტებამდე“, რომელიც ჟენევაში 23-25 იანვარს გაიმართა.
„გლობალურ ფორუმში მონაწილეობს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე „დიასპორა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მამოძრავებელი ძალა“, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია.
თემატურ დისკუსიაზე განხილვის თემა გახლდათ დიასპორის როლი მდგრადი განვითარების კონტექსტში. საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობდა დიასპორასთან დაკავშირებით სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით როგორც მიმდინარე საქმიანობის, ასევე სამომავლო გეგმების და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ დისკუსიის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას და პროგრამებს, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდა დიასპორელების მხარდაჭერას და მათ ჩართულობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამ კუთხით მიმოიხილა სამინისტროს პროგრამა უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა თანამემამულეებისთვის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და მისი ეფექტურობა.
საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის მხარდაჭერის მიზნით არსებულ პოლიტიკაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ასევე მაღალი დონის სამუშაო სესიაზე Multilevel Governance, სადაც საუბარი შეეხო მთავრობის ყველა რგოლის აქტიურ ჩართულობას დიასპორასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პროცესში. როგორც მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც გამოავლინეს მტკიცე ნება ეროვნული განვითარების დღის წესრიგში დიასპორის მონაწილეობის ხელშეწყობისთვის, რაც განმტკიცებულია კონსტიტუციითა და ეროვნული სტრატეგიით. მისი თქმით, დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და დიასპორელთა მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე სამთავრობო პროგრამების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული როგორც სხვადასხვა სამთავრობო უწყება, ასევე საქართველოს პარლამენტი დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის სახით და თავად დიასპორული ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად ემსახურებიან ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და სამშობლოს პოპულარიზაციას.
ამავე სამუშაო სესიაზე მიგრაციის სამთავრობო კომისიის აღმასრულებელი მდივნის მხრიდან საუბარი შეეხო მიგრაციის მართვის საკითხებს, ამ მხრივ სახელმწიფო სტრატეგიას და შესაბამისი უწყებების საქმიანობას. წარმოდგენილი იქნა საერთო სამთავრობო მიდგომის საფუძველზე მიგრაციის მართვის კოორდინირებული სისტემა, მიღწეული შედეგები და არსებული ამოცანები. ყურადღება გამახვილდა მიგრაციის საკითხზე სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ეროვნულ მექანიზმებზე.
სამიტის ფარგლებში ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი ჯაშმა მონაწილეობა მიიღეს კლიმატის ცვლილებასა და ადამიანთა მობილობის თაობაზე გამართულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაშიც.
შვეიცარიაში, ჟენევაში მიმდინარე მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენლობითი დონის პლატფორმაა, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. იგი ხელს უწყობს სახელმწიფოებს, შეიმუშაონ ერთობლივი პოლიტიკა და მიდგომები მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით და გააღრმაონ თანამშრომლობა ამ მიმართულებით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.