საგარეო უწყება - ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან, რის შედეგადაც მონაცემი განახლდება
ლექსო ლაშქარავას შემთხვევის თაობაზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან, რის შედეგადაც მონაცემი განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ იუნესკო-მ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.
„იუნესკო-ს მიერ გამოქვეყნებული სია, მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებზე, არ არის ახალი. სია გამოქვეყნდა გასული წლის ივლისში, ლექსო ლაშქარავას შემთხვევიდან ძალიან მალე და შესაბამის გრაფაში აღნიშნულია კიდეც, რომ ეს არის ახალი შემთხვევა – რაც არის იმის ინდიკაცია, რომ იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, აღნიშნული შემთხვევის თაობაზე საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან.
როგორც იცით, არსებობს შესაბამისი დასკვნა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოითხოვა შსს-დან და რომელიც გაეგზავნება იუნესკო-ს, რის შედეგადაც მოხდება აღნიშნული მონაცემის განახლება. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც იუნესკო მიმართავს“, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.