საგარეო უწყება - ირანის მხარეს უკვე ეცნობა, რომ აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი ქმედება არ გამოვლენილა, – ამის შესახებ პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ქართული მხარისთვის ირანის დიპლომატიური არხებით ცნობილი გახდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გადამოწმების პროცედურებზე ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა.
პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც უწყებაში განმარტეს, აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩთან დანიშნულია შეხვედრა, სადაც აღნიშნულ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ.
ირანული სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, თბილისში ირანის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. როგორც სააგენტო წერს, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-ისპაჰანის რეისის რამდენიმე მგზავრ ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ჰიჯაბის მოხდა სთხოვა.