საგარეო უწყება - ელჩებთან შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება, დადგინდეს სიმართლე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე
საგარეო უწყება - ელჩებთან შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება, დადგინდეს სიმართლე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები.

დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ.

აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს. თავის მხრივ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მიმართ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.