საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ დადგენილების მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიცია მათ პოლიტიკურ გემოვნებას ააშკარავებს.
„ამ რეზოლუციის წინააღმდეგ წასვლით „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ის ხელს იღებს ჩვენი დევნილების დაბრუნებაზე აფხაზეთში. ეს რეზოლუცია, მიზნად ისახავს, აღიკვეთოს ჩვენი დევნილებისთვის წართმეული ბინების გაქირავება დასავლური კომპანიების მიერ აფხაზეთში. სავსეა ჩვენი დევნილებისთვის წართმეული სახლებით. თუ კი დასავლური და ამერიკული კომპანიები აქირავებენ ჩვენი დევნილებისთვის გაქირავებულ სახლებს, ეს ერთგვარი დაკანონებაა ამ სახელების წართმევის. კარგი იქნება, რომ ეს აღიკვეთოს. ამის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ეთნიკურ წმენდასთან შეგუებას და დევნილების დაბრუნებაზე ხელის აღებას. უკვე დაწესებულ სანქციებში ევროკავშირის და ამერიკის მხრიდან რუსეთზე, უკრაინის გვერდით გაჩნდეს საქართველოს თემაც. „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ააშკარავებს მათ საგარეო პოლიტიკას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ შევუქმნათ პრობლემას რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე“,- განაცხადა კანდელაკმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივამ შესაძლებელია, უფრო ნეგატიური შედეგი მოიტანოს, ვიდრე დადებითი.
„თუ ჩვენ ამ დადგენილების პროექტს მივიღებთ და მას გამოხმაურება ეფექტური არ ექნება, უფრო მაღალი რისკები ჩნდება და უფრო ცუდი სიგნალი შეიძლება, აღმოჩნდეს ოკუპაციის თვალსაზრისით. ჩემი თხოვნაა, რომ როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რომელიც მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებელია, მათ შორის ოპოზიციამაც კონსულტაციები აწარმოოს ხელისუფლებასთან ყოველთვის, რადგან ხელისუფლება წარმართავს ამ პოლიტიკას. მიუხედავად მათი განსხვავებული დამოკიდებულებისა, მათ იციან, რომ ერთიანი ფრონტით გამოვსულვართ საერთაშორისო ასპარეზზე და ერთიანი პოზიცია დაგვიფიქსირებია. საკუთარი პარტიული დღის წესრიგის შემოტანა არის არასწორი და წამგებიანი საქართველოს ეროვნული ინტერესისთვის“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.