საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, გიდებისთვის გადამზადების კურსები ჩატარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურისტულ გიდებს შეხვდა.
ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის ახალი პროექტები გააცნო, მათ შორის – გადამზადების კურსები, რომელიც გიდებს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაუტარდებათ.
სალექციო კურსს გიდებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გამართავს.
ლექციების მთავარი თემები იქნება: მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარება, ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტის ზონები.
„გიდებთან ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო, დაგვედგინა და მოგვესმინა გამოწვევები, რის წინაშეც არიან. ტურიზმის განვითარების კუთხით, გიდების ინსტიტუტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. გავაცანით, თუ გადამზადების რა გეგმები გვაქვს და რა ახალი თანამშრომლობა შედგა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რათა დავეხმაროთ მათ, ჰქონდეთ სწორი პასუხები შესაბამის კითხვებზე. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა ჯანსაღი იქნება“, – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების მოგვარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია გიდების მიმართულება. ამ საკითხში ჩართული არიან ექსპერტებიც. მათთან ერთად უნდა განისაზღვროს, რა სახის ღონისძიებები გვაქვს გასატარებელი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.