საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი - საქართველო დაემატება ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ
საბერძნეთის განახლებული რეგულაციებით, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდება, საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საბერძნეთში შესვლა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება, თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:
ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.
ან წარადგენს „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180-დღიანი მოქმედების ვადით.
ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.
ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF-ფორმა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონსულო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საბერძნეთში მიმავალი ყველა პირისათვის სავალდებულოა, გამგზავრებამდე 24 საათით ადრე ელექტრონული აპლიკაციის შევსება შემდეგ ვებგვერდზე: https://travel.gov.gr/#/. ოჯახის წევრებს შეუძლიათ, შეავსონ ერთობლივი ფორმა.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდებზე: ბმული 1, ბმული 2“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.