საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში
შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა აღნიშნულ საკითხს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაღალი დონის შეხვედრებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 14 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთება გამოთქვა.
რუსული მხარე შეხვედრის ჩაშლის მიზეზად დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის მიუღებელი საკითხების შეტანას ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ ინცინდენტების მართვისა და მათზე რეაგირების ჯგუფის რიგით 89-ე შეხვედრა 14 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების პროტესტის გამო ჩაიშალა. ისინი დღის წესრიგიდან არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საკითხების ამოღებას ითხოვდნენ, რასაც უთანხმოება მოჰყვა.
სუს-ის განცხადებით, ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისათვის, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.