საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკო-სთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცია, კერძოდ კი, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საზღვარგარეთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულყოფილად ჩატარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ თუ იმ ქვეყანაში არსებულ პანდემიოლოგიურ სიტუაციაზე. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება თითოეულ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გადასცემს ცესკო-ს, რომელიც ამ მონაცემების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო უბნების გახსნის მიზანშეწონილობის თაობაზე. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა პირობა არსებობს“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებსა თუ მოთხოვნებზე:
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებელია იგი იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე;
საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა;
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა;
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს საკონსულო აღრიცხვაზე, ყოფნის ფაქტი შეუძლია, გადაამოწმოს, შემდეგ ვებგვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge;
„თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:
1. დისტანციურად, ვებგვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, რა დროსაც მოქალაქე ავსებს შესაბამის ანკეტას ელექტრონულად, საელჩოსა თუ საკონსულოში გამოცხადების გარეშე;
2. საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადებით;
3. საფოსტო გზავნილის მეშვეობით, საელჩოსთვის/საკონსულოსთვის მატერიალური ფრომით დოკუმენტების გაგზავნით;
მათ შორის ყველაზე პრაქტიკული და მარტივია დისტანციურად, www.geoconsul.gov.ge-ზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნების პრაქტიკიდან და დღესაც გვაქვს უკვე ამგვარი მაგალითები, ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეები განზრახ შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა რთული პროცესია და მოითხოვს აუცილებლად საელჩოში ან საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებას. იმისათვის, რომ მიგიღოს კონსულმა, წინასწარ უნდა ჩაეწერო სიაში, რომლიც უკვე შევსებულია და მხოლოდ ნოემბრის თვეში ადგილები თავისუფალი და სხვა. ამის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია დისტანციურად და პირადი გამოცხადება საელჩოსა თუ საკონსულოში მხოლოდ მოქალაქის სურვილზე დამოკიდებული“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნებზე, არის მოქალაქეების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა ვერ მოხვდნენ საბოლოო საარჩევნო სიებში.
„ზოგადად, საკონსულო აღრიცხვის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საკონსულო თანამდებობის პირს, უცხო ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის არსებობისას, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის და მათი ზუსტი აღრიცხვიანობის შესაძლებლობა. უშუალოდ საარჩევნო მიზნებისთვის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის საკმარისი, რათა მოქალაქე მოხვდეს საარჩევნო სიაში. ამისათვის საჭიროა, იგი იყოს რეგისტრირებული საქართველოში ან საზღვარგარეთ და გააჩნდეს მოქმედი პასპორტი/პირადობის მოწმობა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო მიზნებისთვის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
როგორც უკვე აღინიშნა, საკონსულო აღრიცხვა თავისი არსით მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმია, რისთვისაც აუცილებელია, რომ ეს მონაცემები იყოს მუდმივად „ცოცხალი“ და განახლებადი. ამისთვის 2011 წელს შეიქმნა ელექტრონული სისტემა იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. ამ პერიოდამდე კი არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე არსებული სია, რომლის დამუშავება ფაქტობრივად იყო შეუძლებელი. შესაბამისად, მოხდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა სიის კორექტირება, რადგან ძველი ჩანაწერების უმრავლესობა არ შეიცავდა მოქალაქეთა საკონტაქტო ინფორმაციას ან არსებული ინფორმაცია იყო იმდენად ძველი, რომ აღარ იყო ქმედითი. სწორედ ამიტომ გაჩნდა მიზანი, რომ საკონსულო აღრიცხვის სია გვექცია ცოცხალ სიად ანუ სიაში წარმოდგენილი ყოფილიყო მხოლოდ რეალური ჩანაწერები. სიების კორექტირების პროცესში ყველაზე რთული აღმოჩნდა საქართველოში დაბრუნებული პირების იდენტიფიცირება და ისეთი პირების გამოვლენა, რომლებიც გარდაიცვალნენ ან მოქალაქეობა შეიცვალეს (შეუწყდათ) ისე, რომ ამის შესახებ ცნობილი არ იყო საქართველოს სტრუქტურებისათვის. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მექანიზმად შემუშავდა ე.წ. ექვსთვიანი ხანდაზმულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი დაბრუნდება საქართველოში და ექვსი თვის განმავლობაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ის ავტომატურად მოიხსნება საკონსულო აღრიცხვიდან. ამას სისტემა აკეთებს ავტომატურ რეჟიმში.
ასევე, 2013 წელს, შემუშავდა საკონსულო აღრიცხვის სიის ვალიდობის დამატებითი შემოწმების მექანიზმი, რაც უკვე ახდენს გარდაცვლილი ან ისეთი პირების გამოვლენას, რომლებსაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და აღარ აქვთ ქვეყანასთან სამართლებრივი კავშირი. ამისთვის, შესაბამისი კანონით, ამოქმედდა ე.წ. ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ მიმართავდა რომელიმე საკონსულო სამსახურს ან კიდევ არ დაუფიქსირდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლა ან გასვლა, მისი მონაცემი ავტომატურად იხსნება სისტემის მიერ (ხუთწლიანი პერიოდი აღებულ იქნა მაშინ არსებული პასპორტის მოქმედების ვადის გათვალისწინებით).
აღნიშნული მექანიზმი ძალაში შევიდა 2015 წლის პირველ იანვარს, მაშინ, როდესაც ამოქმედდა საკონსულო საქმეების მართვის ელექტრონული სისტემა, რითიც შესაძლებელი გახდა მოქალაქის მხრიდან მომართვიანობის აღრიცხვა. შესაბამისად, ხუთწლიანი ხანდაზმულობის მექანიზმის გამოყენება მოხდა წელს პირველად – და შემოწმდა 2015 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლამდე იმ პირთა მონაცემები, ვინც მიმართა ან არ მიმართა საკონსულო დაწესებულებას. შესაბამისად ის პირები, რომლებსაც შეეხოთ ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ავტომატურად ამოვარდნენ საკონსულო აღრიცხვიდან. (მომდევნო შემოწმების ვადა, გამომდინარე საქართველოს პასპორტის მოქმედების ვადის გახანგრძლივებიდან, განისაზღვრა უკვე 10 წლით და ამოქმედდება 2025 წლიდან).
გამომდინარე ზემოხსენებულიდან, გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდის www.geoconsul.gov.ge-ზე შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე.
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან ან მოიხსნენ საკონსულო აღრიცხვიდან და სურთ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობა აქვთ, მარტივად, დისტანციურად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
2020 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს შექმნის არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, თუ რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან 10 ოქტომბრის ჩათვლით აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება. 11 აგვისტოს მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს 52702 მოქალაქე“, – აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე გამოყო ხუთი ქვეყანა, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე, ესენია:
· საბერძნეთის რესპუბლიკა – 13221 მოქალაქე;
· აზერბაიჯანის რესპუბლიკა – 7038 მოქალაქე;
· ამერიკის შეერთებული შტატები – 4312 მოქალაქე;
· უკრაინა – 3543 მოქალაქე;
· ესპანეთის სამეფო – 3124 მოქალაქე.
„2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ დაემატა ორი გენერალური საკონსულო იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ბარში და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან ფრანცისკოში, სადაც ასევე, შესაძლებელი იქნება არჩევნების ჩატარება.
ცნობისათვის:
საპრეზიდენტო არჩევნების დროს საზღვარგარეთ იყო 55 უბანი 39 ქვეყანაში;
პირველ ტურში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4801 ამომრჩეველმა;
მეორე ტურში – 9028;
პირველ ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 57637;
მეორე ტურში – 63739“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.