საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ესპანეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ესპანეთში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შეხვდა და მონაწილეობა მიიღო ბარსელონაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესპანეთს ვიზიტით 7-9 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზვიად გონაძემ შეხვედრები გამართა ესპანეთის სამეფოში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. მინისტრის მოადგილემ დიასპორის წვერებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზოგადად ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და არსებული პრობლემატიკის გადაჭრის გზებს. დიასპორის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის შესახებ და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებაში. მათ შორის, ზვიად გონაძე სიტყვით გამოვიდა „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს ესპანეთში მოქმედმა ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა „გამამ“, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „იბერიონმა“ და „ქართველომ“, გოგონათა ანსამბლმა „ბეთანიამ“ და სამრევლოსთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჯორჯიან ფოლკმა“. ღონისძიება ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს ხელშეწყობით და დიასპორული ორგანიზაციების ინიციტივით ჩატარდა.
საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებაში ასევე მონაწილეობა მიიღო მამა ლუკა ფალავანდიშვილმა.