საგარეო კომიტეტი ეუთო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიშს მოისმენს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიურ ანგარიშს მოისმენს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას ინფორმაციით, სხდომაზე ყურადღება გამახვილდება დელეგაციის აქტივობებზე. მისივე თქმით, ანგარიშში ასევე საუბარია იმ რეზოლუციებზე, რასაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იღებს საქართველოსთან მიმართებით. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ქვეყნის უსაფრთხოებაზეც.
საგარეო კომიტეტის სხდომაზე ასევე მოისმენენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიურ ანგარიშს.
„ეს არის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატი. განსხვავება არის ის, რომ ადრე მხოლოდ ბიურო იღებდა ხოლმე მსგავს ანგარიშებს. ახლა ჩვენ გვექნება საკომიტეტო მოსმენები და შემდეგ უკვე წარვადგენთ სესიაზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი – ზოგადად საპარლამენტო ასამბლეებში ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვმუშაობთ, საზოგადოების ინტერესიც მაღალია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკომიტეტო მოსმენები უზრუნველყოფს ღიაობას და გამჭვირვალობას. მთავარია საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება ყველა იმ გაწეულ საქმიანობაზე, რასაც სხვადასხვა საპარლამენტო დელეგაცია ასრულებს წლის განმავლობაში“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.