საგარეჯოს მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მძარცველებმა ნივთები დააბრუნეს, დანაშაულს აღიარებენ და ბოდიშს იხდიან
ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მძარცველებმა, ეკლესიიდან გატანილი ნივთები დააბრუნეს, ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და ბოდიშს იხდიან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოფელ ხაშმში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზურაბ ყირმელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეკლესიის დარბევასა და ქურდობაში მონაწილე პირები იდენტიფიცირებული არიან, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
„გუშინ ადგილი ჰქონდა ქურდობას, ახალგაზრდები იყვნენ თრობის ქვეშ, რა ნივთიერებებით, ამას პოლიცია დაადგენს. ეკლესიიდან მოიპარეს რაღაც ნივთები, რომლებიც ჩემი თანდასწრებით დააბრუნეს, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და ბოდიშსაც იხდიან“, – აცხადებს მერის წარმომადგენელი.
მთელი დღის განმავლობაში საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ აღნიშნული ტაძრის სასულიერო პირი და ხაშმში მერის წარმომადგენელი.
არსებული ინფორმაციით, ოც წლამდე ასაკის ორმა ახალგაზრდამ ხაშმში მეცხრამეტე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გაძარცვა და დაარბია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ტაძრიდან მათ ძვირადღირებული თვლებით შემკული გვირგვინი, სასულიერო პირის შესამოსელი, საზიარებელი ჭურჭელი, ვერცხლის ჯვარი და ფული წაიღეს, ასევე, დააზიანეს ხატები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.