საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი გამოკვლეულია, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექთანთან კონტაქტში მყოფი, ყველა გამოკვლეული პირის „პისიარ“ ტესტის პასუხი „კოვიდ-19“-ზე უკვე მივიღეთ და ყველა შემთხვევაში პასუხი უარყოფითია, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი.
მისი ინფორმაციით, გუშინ კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 167 ნიმუში გაიგზავნა, რომელთა შორის არის როგორც სამედიცინო სფეროს და ექთნის ოჯახის წევრების ანალიზები, ასევე ცხელების ცენტრებიდან გაგზავნილი ნიმუშები. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
დაინფიცირებული ექთანი წარმოშობით საგარეჯოდან არის. მას „კოვიდ 19“- ზე ანალიზი ორი დღის წინ კახეთში მიმდინარე მიზნობრივი „პისიარ“ ტესტირების ფარგლებში ჩაუტარდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსის მატარებელია.
მედიკოსი უკვე რამდენიმე დღეა ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს. როგორც ცნობილია, მას კორონავირუსზე განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება.