საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, რომ ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი ადასტურებს, რომ ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ.
როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, სამაშველო ჯგუფები ადგილზე დილიდან მუშაობენ.
„ჩვენი საუკეთესო სამაშველო ჯგუფები, დაახლოებით 30-მდე ადამიანი ჩართულია სამაშველო ღონისძიებებში. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან. დაზიანებულია კორპუსის მზიდი კედლები, სარისკოა მუშაობა და დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. საკმაოდ სწრაფად მოხდა რეაგირება, სწრაფად განხორციელდა ევაკუაცია, რითიც თავიდან ავიცილეთ დიდი მსხვერპლი”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, კორპუსის რამდენიმე სართული მთლიანად არის ჩანგრეული და ფრთხილად მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლება.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.
ამასთან, შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სამივე პირის მდგომარეობა რთულია.