საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალქალაქში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ახალქალაქში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ახალქალაქში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს წაუკიდეს ახალგაზრდა მამაკაცის თანასოფლელებმა, რომელიც ქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას მოკლეს.
ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.
ამასთან, საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა, რომ ახალქალაქში მკვლელობის ფაქტის შემდეგ შექმნილ ვითარებას სამართალდამცველები სრულად აკონტროლებენ.
ახალქალაქში, იმ ადგილზე, სადაც დღეს დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.