პოლიცია ახალქალაქში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს [ვიდეო]

ახალქალაქში, იმ ადგილზე, სადაც დღეს დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

ახალქალაქში დღეს მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. შსს-ში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო.

ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემდეგ, ადამიანების ჯგუფი ერთ-ერთ სასტუმროს დაესხა თავს და ცეცხლი წაუკიდა.

საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა​ განუცხადა, რომ ახალქალაქში მკვლელობის ფაქტის შემდეგ შექმნილ ვითარებას სამართალდამცველები სრულად აკონტროლებენ.​

„ახალქალაქის რაიონში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რის შემდეგაც გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში გაიშალნენ და კიდევ ჰქონდა პატარა კრიმინალურ შემთხვევებს ადგილი. პოლიციის ძალები ამ წუთებში ემატება, სრულად არიან მობილიზებული. შსს აკონტროლებს ახალქალაქში ვითარებას, როგორც კრიმინალური პოლიცის ძალები, ასევე საპატრულო პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური. არიან მობილიზებული ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები“, – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.