საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია: რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კრიხი; ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძეგლევი. ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვედებარება: სამეგრელო-წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩქვალერი; გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გომი; რაჭა – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კრიხი. ონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძეგლევი. ქვემო ქართლი – თეთრიწყარო.

მათივე ინფორმაციით, ღია კერა შენარჩუნებულია: აჭარა – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და ოთხი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭართალი. ცეცხლი უკიდია შერეული ტყის ქვედა საფარს. ადგილზეა ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა, 35 მეხანძრე მაშველი.

„ბოლო ოთხ დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს. ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.