საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას განიხილეს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ძირითად მიმართულებებზე შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.
„დონორებთან გვქონდა დისკუსია ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პაკეტებზე, ასევე უახლოესი მომავლის გეგმებზე, მათ შორის, პოსტკრიზისული მიმართულებით და ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი, ღია დისკუსია იმაზე, რა სახის რეფორმების გატარებაა შესაძლებელი, რა ტიპის მხარდაჭერა შეუძლიათ მათ შემდგომში, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით, როგორც მცირე და საშუალო კომპანიების დახმარების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის კუთხით. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ტურიზმი. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა შევიმუშაოთ დახმარების კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმები და მათი მხარდაჭერით მაქსიმალურად ეფექტურ პროგრამებს ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გაამახვილა საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ასპექტებზე და ამ პროცესში მთავრობის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობაზე.
„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩვენთვის ამოსავალი და უმთავრესი პრინციპია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, რასაც პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ვისაუბრეთ ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, შეზღუდვების მოხსნის საკითხებსა და დამატებით საჭიროებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დონორებისგან. მსგავსი შეხვედრები ჩვენ უკვე გავმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებას“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან ასევე იმსჯელეს იმ დამატებით საჭიროებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი მხარდაჭერის დროულად მიღების მიზნით, მთავრობის მიერ წარდგენილ საჭიროებებზე ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ინდივიდუალურად და თემატურად მუშაობა გაგრძელდება“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოსთან ხანგრძლივი, წარმატებული პარტნიორობის შესახებ ისაუბრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა. პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, რომ USAID-ი ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც დასახული მიზნების შესრულებას ემსახურება.
„საქართველოს მთავრობას ანტიკრიზისული გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. საბინე მახლიმ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები ეკონომიკურ და ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – ბექა ლილუაშვილი და ლელა აქიაშვილი, ელჩები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.