საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს
საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პირველი არხის კითხვის პასუხად განაცხადა.

„რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას. ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. რასაც თქვენ გულისხმობთ, საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ რას ვაკეთებთ – ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეთა მობილურობას და მოვუწოდებთ მათ, კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე ჩვენი ოჯახის წევრების, პირველ რიგში, მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლების, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე.

რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგა, ჩვენ ამის საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალებებიდან დაწყებული, უბრალოდ უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.