საგამოძიებო უწყებამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა
საგამოძიებო უწყებამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის საქმეზე ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლიშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ადვოკატმა ნესტან ლომდარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს დაზარალებულად ცნობის დადგენილება ჯერ არ ჩაბარებია, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
„საკმაოდ მკვეთრი ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული ძალადობრივი დაჯგუფებების თავდასხმის შედეგად. ის ჯერ კიდევ იმყოფება კლინიკაში, მისი მეთვალყურეობა მიმდინარეობს. მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დადგენილება მისთვის ჯერ არ არის ცნობილი“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ფოტოკორესპონდენტის მიმართ ძალადობის საქმეზე თუ არიან დაკავებულები ან ბრალდებულებიდან თუ ფიგურირებს რომელიმე მის ცემაში, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მისთვის ეს არ არის ცნობილი.
„მისი სრულფასოვანი გამოკითხვა დამატებით არ განხორციელებულა, ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც მისი დამცველი, მეც არ მომითხოვია დამატებითი გამოკითხვა შექმნილი ვითარების გამო. ველოდებით, რომ გამოკეთდეს და მისი კვლევები გვაძლევდეს საშუალებას, რომ გამოკითხვა შესაძლებელი გახდეს. ის პირველად უკვე გამოიკითხა საავადმყოფოში, მაგრამ საჭიროა დამატებითი გამოკითხვა“, – განაცხადა ლონდარიძემ.
მისივე თქმით, გიორგი ნიკოლიშვილს ძალიან მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს მიყენებული თავის არეში, მათ შორის განვითარებული აქვს ჰემატომა.
„გიორგის დღეს არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი. უბრალოდ გიორგის არ დაკავშირებიან და დადგენილებას არ გაცნობია. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, სტატუსი მინიჭებოდა იურიდიულად, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი უფლებებია მასთან დაკავშირებული. გუშინ სამმართველოში ვიმყოფებოდი და მივიღეთ ინფორმაცია, რომ მას აქვს სტატუსი, მაგრამ ჯერ ნიკოლიშვილისთვის არ გაუცვნიათ ეს დადგენილება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.