ნესტან ლონდარიძე - სასამართლოს მოვუწოდებთ, არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირებთან, ვიდრე კითხვები არსებობს
ნესტან ლონდარიძე - სასამართლოს მოვუწოდებთ, არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება ხორავას ქუჩის საქმეში მონაწილე პირებთან, ვიდრე კითხვები არსებობს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ​ნესტან ლონდარიძე სასამართლოს მოუწოდებს, არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულებთან, ვიდრე საქმეში მონაწილე პირებთან კითხვები არსებობს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თვლის, რომ მსგავს დანაშაულებზე, სადაც ჯერ კიდევ არაერთი კითხვის ნიშანია საქმეში მონაწილე პირთა მიმართ, არ უნდა ფორმდებოდეს საპროცესო შეთანხმება. დაზარალებული მხარე ესწრება პროცესებს და ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ, რატომ ამბობენ, რომ ახლა აღიარა დანაშაული ჯანაშიამ. მან იგივე ჩვენება მისცა სასამართლოში, მიხეილ კალანდიას მიმართ წარდგენილ საქმეში რა ჩვენებებიც ჰქონდა წინა სასამართლო პროცესზე მიცემული. ძალიან მცირე ფაქტობრივ გარემოებებს უსვამს ხაზს. ჯანაშია გარკვეულ ახალ გარემოებებზე საუბრობს მხოლოდ იმ მოტივით, რომ გამომძიებელს და პროკურორს, მისთვის ადრე ეს შეკითხვები დაკონკრეტებულად არ დაუსვამს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმ გამომძიებლებსა და პროკურორებზე, რომლებიც იყვნენ ჩართულები საქმეში და რომლების განზრახვაც არ იყო საქმის ბოლომდე მიყვანა. საპროცესო შეთანხმება არის იქითკენ მიმართული, რომ ბარბაქაძის მიმართაც ჰქონდეთ ე.წ ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა აიძულონ მასაც, მიმართოს საპროცესო შეთანხმებას და სანაცვლოდ მიიღონ აღიარება დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ეს გამოძიებას მისცემს შესაძლებლობას, სამოხელეო დანაშაული აირიდონ“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ნესტან ლონდარიძის თქმით, საქმეზე იკვეთება არაერთი პროკურორისა და მაღალჩინოსნის სამოხელეო დანაშაული.

„ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ არაერთმა გამომძიებელმა, პროკურორმა და მაღალჩინოსანმა მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში, სადაც აშკარად იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. სწორედ ამაზე საუბრობდა სახალხო დამცველი თავის დასკვნაში და ამაზე საუბრობდნენ საგამოძიებო კომისიის წევრები. ჩვენ, როგორც დაზარალებული მხარის წარმომადგენლები, უარყოფითად ვაფასებთ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და მოვუწოდებთ სასამართლოს, არ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება ამ საქმეში, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები საქმეში მონაწილე პირთა მიმართ“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება მიღწეულია. პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით მიმართა ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, გუგა ბარბაქაძის ადვოკატმაც.