საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში, ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 15 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.