საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე პირთა ჯგუფი ამხილა
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე პირთა ჯგუფი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს 2 345 524 ლარის ღირებულების დღგ-ის ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 357 791 ლარის ოდენობის დღგ-ის ყალბი აქტივი, საიდანაც 164 375 ლარი გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად, ხოლო დარჩენილი თანხა – 193 416 ლარი დაიბრუნეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180- ე, 185-ე და 193-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.