საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გამსაღებელ პირთა ჯგუფი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქალაქ თბილისში გაასაღეს 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულებისგან დამატებით ამოღებულ იქნა ორი ცალი 100-დოლარიანი და ერთი ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.