საგამოძიებო სამსახურმა აგვისტოს თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 19 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 19 ფაქტი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 12 პირი, მათგან დაკავებულია სამი პირი.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 9 445 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 47 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.