საგამოძიებო სამსახურის უფროსი პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ წარმომადგენლებსა და ევროკავშირის სახელმწიფოების საელჩოების მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა
საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების (პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, ლატვია, საბერძნეთი) საელჩოების მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, გასულ წელს მიღწეულ შედეგებსა და უწყების ხედვას თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის თაობაზე.
„შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, ე.წ. დიპლომატიური კლუბის ჩამოყალიბების თაობაზე. მოწვეულმა სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საგამოძიებო სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე. ასევე, გამოხატეს მზაობა, საკუთარი მანდატის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურს აღმოუჩინონ დახმარება შემდეგი მიმართულებებით: დაყადაღებული აქტივების მართვის და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება; სპეციფიკური ანალიტიკური პროგრამების მოძიება და შესწავლა; პროფესიული კონტაქტების გააქტიურება შეხვედრაზე წარმოდგენილ ქვეყნებში მოქმედ კოლეგა უწყებებთან; სამსახურის თანამშრომლების ტრენინგი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, ზემოაღნიშნული არა მხოლოდ გააუმჯობესებს უწყების ეფექტიანობას, არამედ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
„უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ, ერთობლივად წამოვიწყოთ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობა, რაც აუცილებლად აისახება ჩვენი უწყების საქმიანობაზე“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა.